English / ქართული / русский /
ზურაბ წერეთელი
ინოვაციური ბიზნესის განვითარების პრობლემები და პესპექტივები საქართველოში

ანოტაცია. სამეცნიერო ნაშრომში განხილულია ინოვაციის როლი ინოვაციური ბიზნესის განვითარებაში და მისი პრობლემების გადაწყვეტაში. წარმოდგენილია ინოვაციის, ტოტალური ინოვაციის, ინოვაციური ბიზნესის ცნებები, მათი ურთიერთკავშირი, ინოვაციური ბიზნესის ძირითადი პრობლემები და პესპექტივები, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოში, აგრეთვე წარმოდგენილია რეიტინგები ინოვაციური პოტენციალის და ინოვაციების შემუშავებაში საქართველოს მიღწევების მიხედვით. ნაშრომში ასახულია პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიების მცდელობაც.

საკვანძო სიტყვები: ინოვაცია, ტოტალური ინოვაცია, ინოვაციური ბიზნესი, ინოვაციური ბიზნესის პრობლემები. 

შესავალი 

თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილება, ნებისმიერ სახელმწიფოში, მაღალგანვითარებული და ეფექტიანი ბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე მიგვითითებს. სწორედ ის წარმოადგენს იმ ბერკეტს, რომელსაც ეფუძნება საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური აღმავლობა. სწორედ მასზეა დამოკიდებული ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ბედი.

ცვლილებების განუწყვეტლად ზრდადი ტემპი გახდა ეკონომიკის ზრდის ძირითადი ფაქტორი. იმისათვის, რომ ეკონომიკური სუბიექტები დარჩნენ კონკურენტუნარიანი, უნდა შეინარჩუნონ საკუთარი ინოვაციური აქტიურობის მაღალი ტემპი. ყველა სახის ინოვაცია წარმოადგენს ერთდროულად ეკონომიკური სუბიექტების როგორც სიცოცხლისუნარიანობის, ასევე კონკურენტუნარიანობის ფაქტორს. ახალი იდეების, უახლესი პროდუქციისა და ტექნიკის პრაქტიკული გამოყენება ხელს უწყობს თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ განვითარებას. თანამედროვე ეტაპზე საქართველოში სიახლეთა დანერგვის პროცესი მიმდინარეობს ეკონომიკის მრავალ სფეროში. განვითარებული ქვეყნებიდან ჩამორჩენის დაძლევის მიზნით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ცხოვრების დონის ამაღლებისათვის, აუცილებელია მაღალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერებატევადი დარგების განვითარება.

დღეისათვის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ პრობლემად რჩება ბიზნესის, მათ შორის ინოვაციური ბიზნესის სტაბილურობის შენარჩუნება ანუ მუდმივი განვითარების მიღწევა. ამიტომაც არის, რომ ზოგიერთი ბიზნესი ვერ უძლებს კონკურენციას და იცვლის სახეს ან კიდევ უქმდება (ქრება).

საბაზრო ეკონომიკის პირობებში სულ უფრო და უფრო რთულდება ბაზარზე მნიშნვნელოვანი ადგილის დაკავება საწარმოებისათვის, რადგან გლობალიზაციის მზარდმა გავლენამ სრულიად შეცვალა მსოფლიო ეკონომიკის სურათი და შესაბამისად საზოგადოებისათვის აღარ წარმოადგენს ღირებულს ის საქონელი და მომსახურება, რომელიც თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, თუ ფირმებს სურთ ბაზარზე თავისი სახელის დამკვიდრება, ამ ცვლილებებს მათ ფეხი უნდა აუწყონ, შესაბამისად დღეს ინოვაციური განვითარება საწარმოების ძირითადი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა, რადგანაც ის უზრუნველყოფს ბაზარზე სრულიად ახალი და გაუმჯობესებული პროდუქტების და მომსახურების შექმნას, ზრდის ფირმის ეფექტურობას და რაც ყველაზე მთავარია, ზრდის მის რენტაბელობას.

აუცილებელი ხდება ინოვაციური ბიზნესის უპირატესობების, თავისებურებების და მისი განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნების გზების ძიების წინა პლანზე წამოწევა. 

*** 

საზოგადოების პროგრესი განუყრელადაა დაკავშირებული ინოვაციებთან. ინოვაციებს ადგილი აქვს ნებისმიერი წყობილების დროს, მაგრამ იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ინოვაციები ღებულობენ უწყვეტ ხასიათს და ხდებიან განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს პროცესები მსოფლიოში დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან და განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში. ამიტომაა, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკას ინოვაციურ ეკონომიკას უწოდებენ. ინოვაციური ეკონომიკა ეფუძნება ცოდნას, ინოვაციების ნაკადს, ტექნოლოგიების, ინფორმაციის და ა.შ გამუდმებულ სრულყოფას, მეცნიერთა და ნოვატორთა ინტელექტუალურ შრომას და არა უბრალოდ კაპიტალს [1].

ეკონომიკურ ლიტერატურაში ინოვაციის ტერმინი სხვადასხვაგვარად განიმარტება, მიუხედავად მისი მრავალი ინტერპრეტირებისა, საბოლოო შინაარსი მაინც ერთნაირია. ინოვაცია არის ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში სიახლის დანერგვის პროცესი, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება პროგრესული ცვლილებები. ტექნოლოგიური პროგრესი სწორედ ინოვაციების მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ საზოგადოდ მწარმოებლურობის ამაღლებასთან, ვიწრო გაგებით ფირმის, ფართო გაგებით კი – მთლიანად ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობების ზრდასთან და ა.შ.

ინოვაციები საბაზრო ეკონომიკის პირობებში არის კონკურენციაში გამარჯვების საშუალება. მაგრამ მან თანამედროვე ეტაპზე გაცილებით უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. იგი არის გლობალური პრობლემების (ეკოლოგიური, სიღარიბის, სასურსათო და სხვა) გადაჭრის უმთავრესი საშუალება.

კომპანიის ყველა ხელმძღვანელს სურს გაზარდოს ინოვაცია. ამისათვის საჭიროა მრავალი კომპონენტი, რომელიც ხშირად უკვე კომპანიაშია, მაგრამ სიახლეების შემოღება ვერ ხერხდება. ასეთი პრობლემების მოგვარებისთვის არსებობს ე.წ. ტოტალური ინოვაცია.

ტოტალური ინოვაცია მოითხოვს მენეჯერებისა და თანამშრომლების უნარს, რომ მუდმივად ჩაერთონ მთელი ინოვაციების პროცესში. უფრო მეტიც, წარმატება არ არის დამოკიდებული ინდივიდუალური ნიჭიერი დეველოპერების ან სამუშაო ჯგუფების მიღწევებზე. კომპანიებში, რომლებიც სრულად ინოვაციების პრინციპს იცავენ, ჩნდება სპეციალური ტიპის კორპორატიული კულტურა, რომელიც ინოვაციას ასტიმულირებს: კარგად არის ჩამოყალიბებული ახალი იდეებისა და წინადადებების შეფასების პროცესი, შრომა დაბალანსებულია, სხვადასხვა ფუნქციური სფეროს წარმომადგენლები ეფექტიანად თანამშრომლობენ სამუშაო ჯგუფებში და იყენებენ ახალ ინსტრუმენტებსა და პროცესებს, რათა უზრუნველყონ ოპტიმალური შემოქმედებითი ენერგიისა და დისციპლინის ერთობლიობა. კომპანიები, რომელთა ლიდერები თვლიან, რომ საკმარისია დროდადრო ინოვაციებით ჩაერთნენ, ვერ შეძლებენ ტოტალური ინოვაციების პრაქტიკის განხორციელებას [3].

ინოვაციური ბიზნესი არის ბიზნესის ის სახეობა, სადაც ინოვაციური საქმიანობა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ტიპს და თავისი არსებობის, სტაბილურობისა და განვითარების წყაროდ გულისხმობს ინოვაციური შესაძლებლობების გაზრდას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ინოვაციური ბიზნესის ძირითადი მახასიათებლებია:

1. მოქნილობა, როგორც ინოვაციური ბიზნესის ნიშანთვისება, მოქნილობა გულისხმობს იმას, რომ ბიზნესს შეუძლია დროულად აღიქვას გარემო და გარემოებით გათვალისწინებული მომგებიანი წყაროები და რესურსები. გარდა ამისა, ბიზნესმა უნდა შეძლოს გაუძლოს უარყოფით ფაქტორებს, შექმნას ისეთი პროდუქტები, რომელთა გარემოცვის აღქმაც შეუძლია. ასეთ პირობებში გარემო ყოველთვის იძლევა ახალ შესაძლებლობებს. ეს არის ინოვაციური მოქნილობა.  ინოვაციური ბიზნესის მოქნილობა მოიცავს 3 დონეს: ა) მოქნილობა სტრატეგიის დონეზე; ბ) მოქნილობა ორგანიზაციის დონეზე; გ) მოქნილობა წარმოებისა და მენეჯმენტის დონეზე. სამივე დონე ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და მათი გაერთიანება ერთ მოქნილობაშიც შეიძლება;

2. საზღვრების ელასტიურობა. ინოვაციური ბიზნესის საზღვრები უნდა იყოს მოქნილი. გრძელვადიანი სიახლეები ხელს შეუწყობს ბიზნესის უწყვეტ განვითარებას, თუ ეკონომიკური განვითარება არ შეჩერდება, ბიზნესიც არ განადგურდება. ეს ნიშნავს, რომ ყველა სახის შეზღუდვა გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ ინოვაციური ბიზნესი არ იქნება კონკურენტუნარიანი, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. ბიზნესის ინოვაციურმა ბუნებამ შეიძლება დაარღვიოს ეს საზღვრები და შექმნას ახალი ბიზნესის საზღვრები;

3. პლურალიზმი. ინოვაციური ბიზნესის პლურალიზმი გულისხმობს პლურალიზმს ორგანიზაციული სტრუქტურის დონეზე. პლურალიზმის ეს სახეობა ვლინდება ინოვაციური მოთხოვნების გამო. ინოვაციურმა ბიზნესმა უნდა შექმნას ორგანიზაციული სტრუქტურის პლურალისტული ფორმა, რათა დააკმაყოფილოს ინოვაციის მოთხოვნები. ეს არის მთავარი დამახასიათებელი განსხვავება ინოვაციურ ბიზნესსა და ჩვეულებრივ ბიზნესს შორის;

4. ხანგრძლივობა. ინოვაციური ბიზნესის სიახლე (ინოვაცია), უნდა იყოს უწყვეტი, რადგან ინოვაციური ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბაზრის კონკურენციის მუდმივად ცვალებადი და გაურკვეველი პირობების დაცვა. ასეთ პირობებში დაჩქარებულია სამეცნიერო ტექნოლოგიების განვითარება, ჩნდება სხვადასხვა ტექნიკური გამოგონება, მაგრამ გამოგონილი პროდუქტები სულ მცირე დროში არ იძლევა შედეგს, აუცილებელია ინოვაციური პროცესის გაგრძელება;

5. დინამიზმი. ინოვაციური ბიზნესის ორგანიზაცია ურთიერთქმედებს მის  გარშემო მყოფ გარემოსთან. ეს ურთიერთქმედება გამოიხატება ბიზნესის ინოვაციური შესაძლებლობებით. სხვადასხვა ბიზნესის ინოვაციური საქმიანობის განხორციელების სხვადასხვა გზები აჩვენებს ინოვაციისა და განვითარების ტენდენციების სხვადასხვა პროცესს. ამიტომ ინოვაცია ბიზნესში უნდა იყოს დინამიური, ცვალებადი და განვითარებადი;

6. ღირებულება. ინოვაცია არის ეკონომიკური განვითარების და სოციალური ღირებულების წყარო. ინოვაციური ბიზნესის ძირითადი მიზანი უშუალოდ ინოვაციური წყაროების ძიებაა, ღირებულების აღმოჩენაა. ინოვაციური ბიზნესის ყველა საქმიანობა სწორედ ამ მიზნის გარშემო ტრიალებს;

7. რადიკალური ცვლილების უნარი. ინოვაციური ბიზნესის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელია მისი ფუნქციონირების მოდელის მკვეთრად შეცვლის შესაძლებლობა, მის განვითარებაში რადიკალური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა და განვითარების საწყისი გზის პოვნა’

8. სირთულე. ინოვაციური ბიზნესის სირთულე გამოიხატება ყველა ინოვაციური ფაქტორის ერთობლიობაში, ისე, რომ ყველა ფაქტორი ავსებს ერთმანეთს. ინოვაციის სირთულე გულისხმობს, რომ ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ინოვაციური ტექნოლოგიები და არა მხოლოდ ცალკეული ინოვაციები საკონტროლო სისტემაში ან რეჟიმში, ეს არის ინოვაციების ოპტიმალური კომბინაცია, როგორც ტექნოლოგიაში, ისე რეჟიმში, ეს არის ინოვაცია, რომელსაც შეუძლია სისტემის ფუნქციების შესრულება. ამრიგად, ინოვაციის სირთულე გულისხმობს ინოვაციის ოპტიმალურ კომბინაციას ტექნოლოგიაში, მენეჯმენტ სისტემაში, რეჟიმში, ცოდნაში და ა.შ., რაც ბიზნესს ინტეგრირებული სისტემური ფუნქციონირების საშუალებას მისცემს, რათა დააკმაყოფილოს XXI საუკუნის შეცვლილი ეკონომიკის, ტექნოლოგიისა და საზოგადოების პირობები.

ზემოთ აღნიშნული ინოვაციური ბიზნესი გრძელვადიან, სტაბილურ და კონკურენტუნარიან უპირატესობას უზრუნველყოფს. [4]

საქართველოში ინოვაციური ბიზნესის განვითარების პესპექტივები ძირითადად გამოჩნდა  2014 წელს, როდესაც შეიქმნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის მიზანი საქართველოში ისეთი ეკოსისტემის ფორმირებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ფირმებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის. ასევე სააგენტოს შექმნამ გააუმჯობესა ფირმებისათვის ფინანსური წყაროების მოძიების, უცხოური გამოცდილებებისა და ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობა.

2015 წლის 3 თებერვალს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, რომლის თავმჯდომარე არის საქართველოს პრემიერმინისტრი, ხოლო საქართველოს რეგიონებში - ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერისათვის შესაბამისი სტრუქტურები (ინვესტიციურ-ვენჩურული ფონდები, ტექნოპარკები, ბიზნეს-ინკუბატორები და ა. შ.). სიტუაცია ამ მიმართებით ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ინოვაციური ბიზნესის განვითარების გზაზე ერთ-ერთი ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორია ინოვაციური ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა (ზოგადად, ქვეყნების მხოლოდ მცირე რაოდენობას შეგვიძლია ვუწოდოთ ინოვაციურები).

მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგს ძირითადად ადგენს ორი ორგანიზაცია - გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (UNO) არსებული ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) და საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი, თუმცა მათი მიღებული შედეგები განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ინდექსის შესადგენად 80-ზე მეტ კრიტერიუმს იყენებს. ექსპერტთა კოლეგია დაკომპლექტებულია კორნელის უნივერსიტეტის (აშშ), საფრანგეთში განლაგებული ბიზნესის მართვის ევროპული ინსტიტუტის (INSEAD) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებით.

რეიტინგის შემდგენლები აფასებენ ქვეყნების ინოვაციურ პოტენციალს და მათ მიღწევებს ინოვაციების შემუშავებაში. 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საქართველო ამ რეიტინგში 34,39 ქულით იმყოფება 68-ე ადგილზე.

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების ტოპ ათეული 2017 წელს [8] :

 I ადგილზეა შვეიცარია 67,69, 2-ზე შვედეთი 63,82, 3-ზე ნიდერლანდები 63,36, მე-4 აშშ 61,40, მე-5 დიდი ბრიტანეთი 60,89, მე-6 დანია 58,70, მე-7 სინგაპური 58,69, მე-8 ფინეთი 58,49, მე-9 გერმანია 58,39 და მე-10 ირლანდია 58,13.

ოდნავ განსხვავებულია საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი. მისი თანამშრომლები რეიტინგების გაანგარიშებისას იყენებენ მხოლოდ შვიდ პარამეტრს. ესენია: სამეცნიეროსაკვლევი ბაზის განვითარების დონე, საქონლის წარმოება მაღალი დამატებითი ღირებულებით, დიპლომირებული სპეციალისტების წილი შრომით ბაზარზე, სამეცნიერო ცენტრების კონცენტრაცია და მათი პერსონალის რაოდენობა, hi-tech ტექნოლოგიების გამოყენების დონე და გამოგონებების დაპატენტების სფეროში ბიზნესის აქტიურობა [8].

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველო ვერ მოხვდა 50 ქვეყნის სიაში, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ინდექსის მიხედვით კი, როგორც აღინიშნა 68-ე ადგილზე იმყოფება. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საქართველო ჩამორჩება ესტონეთს (25-ე ადგილი), ლატვიას (33-ე), რუსეთს (45-ე), უკრაინას (50-ე), მოლდავეთს (54-ე) და სასომხეთს (59-ე ადგილი).

2019 წელს პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ-50 ქვეყანას შორის მოხვდა. 2019 წლის მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა 48-ე ადგილს იკავებდა, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა. საქართველოს ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების მთავარი ინდიკატორები იყო მაღალტექნოლოგიური იმპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი და სამრეწველო ნიმუშების დიზაინი [8].

პანდემიის პერიოდში, 2020 წლის მაჩვენებლებით, რეიტინგი 15 ადგილით გაუარესდა და საქართველო 63-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. გაუარესების მიზეზად მკვლევარები ქვეყნისგან დამოუკიდებელ მიზეზებს ასახელებენ, მათ შორის ახალი მონაცემების ხელმისაწვდომობას და ცვლილებებს GII-ის მეთოდოლოგიაში, თუმცა, ასევე აღნიშნავენ კონკრეტულ კატეგორიებში გაუარესებას, როგორც ინვესტიციების შემცირების, ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით, რისი გამომწვევი მიზეზიც პანდემიაა, რომელმაც არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად გლობალური მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვნად დაცემა გამოიწვია. ინოვაციის გლობალური ინდექსის მიხედვით ტოპ-3 ქვეყნის მაჩვენებლებიც გაუარესებულია 2019 წლის ამავე მაჩვენებლებთან შედარებით.  

საქართველოს რეიტინგი ინდექსის 7 კატეგორიიდან 5-ში საგრძნობლად გაუარესდა, კერძოდ, საბაზრო განვითარების კატეგორიაში 15-ე ადგილიდან 39-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, ინფრასტრუქტურის კატეგორიაში 72-დან 81-ე ადგილზე, ბიზნესის განვითარების კატეგორიაში 70-დან 79-ე ადგილზე, შემოქმედებითობის კატეგორიაში 58-დან 68-ე ადგილზე, ხოლო ინფრასტრუქტურის კატეგორიაში 72-ე ადგილიდან 81-ეზე. მცირედით გაუარესებულია ცოდნა და ტექნოლოგიების მაჩვენებლები, ინსტიტუტების რეიტინგი კი შენარჩუნებულია შარშანდელ ნიშნულზე[8].

მიუხედავად წლევანდელი გაუარესებისა, საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად უსწრებს რეიტინგში სამხრეთ მეზობლებს, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენებს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით რუსეთი, უკრაინა და საქართველო რეიტინგში 46-ე, 47-ე და 48-ე ადგილებს იკავებდა.

ინდექსმა კონკრეტული ინდიკატორების მეშვეობით გამოყო საქართველოს ძლიერი და სუსტი მხარეები ინოვაციური განვითარების მხრივ. ინსტიტუტების კატეგორიაში, ქვეყანას წამყვანი პოზიცია უკავია ბიზნესის დაწყების სიმარტივის თვალსაზრისით. ადამიანური კაპიტალის კატეგორიაში დადებითად შეფასდა სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანაფარდობა. საბაზრო გარემოს კატეგორიაში გამოირჩევა სესხის აღების სიმარტივე და დაბალი ტარიფები, ხოლო ბიზნესგარემოს თვალსაზრისით, დაფიქსირდა პირდაპირი საგარეო ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი.

რაც შეეხება ნაკლოვანებებს, მოსწავლეებს უფიქსირდებათ დაბალი ქულები PISA-ს შკალაზე, კითხვაში, მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო საგნებში, ასევე მწირია მაღალ რეიტინგიანი უნივერსიტეტების რაოდენობა, რაც დაბალი ხარისხის განათლების სისტემაზე მეტყველებს [6].

მოულოდნელი კატასტროფები, როგორიც რეცესიები და პანდემიებია, მთლიანად ცვლის მთავრობების, ეკონომიკისა და ბიზნესის ტრაექტორიებს.

Covid-19-ის პანდემიასთან ერთად, უკვე აშკარად შესამჩნევია ცვლილებები მომხმარებლისა და კომპანიების ქცევაში. როგორც ტექნოლოგიური, ისე არატექნოლოგიური კომპანიები უკვე იწონებენ დისტანციურ მუშაობას. ზოგიერთი ეს ცვლილება პირდაპირი, მოკლევადიანი პასუხია კრიზისებზე და როგორც კი Covid-19-ის „განეიტრალება“  მოხერხდება, მდგომარეობა კვლავ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. თუმცა, ზოგიერთი ცვლილება დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს ციფრულ სფეროზე გრძელვადიანი პერიოდის გათვლით და ათეული წლით ადრე მისცემს ბიზნესს მიმართულებას [7].

Covid 19-ის პერიოდში ყველაზე მეტად შეიძლება გამოვარჩიოთ სამი მიკროინოვაცია:

მიწოდების გლობალური ქსელები საკმაო ხანია ცდილობს, პროდუქციის ხარისხი შეინარჩუნოს და ამავე დროს, თითოეულ ეტაპზე ხარჯებიც შეამციროს. ამან კომპანიების უმრავლესობისთვის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი რისკი გამოიწვია გეოგრაფიისა და მიმწოდებლების თვალსაზრისით. პანდემიის დროს აუცილებელია, მასშტაბების შენარჩუნების პირობებში იყოს კოორდინირებული საქონლის მიწოდება და მათი გაკონტროლება სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში, სხვადასხვა მომწოდებლისთვის, რაც გლობალური პლატფორმების შექმნას მოითხოვს, რომლებიც ისეთ დახვეწილ ტექნოლოგიებს იყენებენ, როგორებიცაა 5G, რობოტოტექნიკა, ფიზიკური საგნების ინტერნეტი და ბლოკჩეინი, რათა მიწოდების ქსელების საშუალებით საიმედოდ დააკავშირონ ერთმანეთს რამდენიმე მყიდველი და რამდენიმე მომწოდებელი.

უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ Covid-19 დისტანციური მუშაობისა და ონლაინგანათლების კატალიზატორი გახდა. ბუნებრივია, რომ ცვლილებამ თანამშრომელთა განწყობაზე, შრომის ნაყოფიერებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც კი მოახდინა გავლენა მთელ მსოფლიოში. ბევრ დადებით მხარესთან ერთად ცალკე განსახილველი თემაა ასეთი ფორმით განათლების ხარისხი. თუმცა რეალობას გვერდს ვერ ავუვლით.

როგორც ზემოთ წარმოდგენილ რეიტინგებიდან ჩანს, საქართველოში ერთობ დაბალ დონეზეა ინოვაციების შემუშავებისა და დანერგვის პროცესი იმის მიუხედავად, რომ 2016 წლის 22 ივნისს მიღებული იქნა, საქართველოს კანონი „ინოვაციების შესახებ“, რომლის მიზანია: „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა და სრულყოფა, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოში ათვისების ხელშეწყობა, საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპორტის ხელშეწყობა, მოწინავე ტექნოლოგიების მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევა, ამ სფეროთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით[5].

ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არასათანადო ყურადღება ექცევა ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობას სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას აფერხებს, ასევე, გამოგონებების სიმცირე, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2017 წლის რვა თვის განმავლობაში საქპატენტის მიერ დარეგისტრირებული და პატენტგაცემულია მხოლოდ 151 გამოგონებაზე [13].

ვენჩურული ფონდების, ტექნოპარკების და ბიზნესინკუბატორების შექმნა ავტომატურად არ უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების პროცესში ინოვაციური პოლიტიკის ცხოვრებაში გატარებას. შესაბამისად, საქართველოს გადაყვანა განვითარების ინოვაციურ გზაზე მოითხოვს ამ მიმართულებით დიდ ძალისხმევას ქვეყანაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ინოვაციებს ქვეყანაში ამჟამადაც აქვს ადგილი, მაგრამ მათი რეალიზაცია საწარმოთა უმრავლესობაში არ ხდება და ბიზნესის ცალკეული წარმომადგენლების კერძო ინიციატივებია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბევრი საწარმოსა და ორგანიზაციის პერსონალი არ არის მზად მასშტაბური ინოვაციების განხორციელებისათვის, უფრო მეტიც, იგი ნაკლებად არის დაინტერესებული თავისი ცოდნისა და უნარების გამოყენებით ინოვაციის დანერგვისას ორგანიზაციაში. ამის მიზეზია ისიც, რომ არასაკმარისადაა განვითარებული ინფრასტრუქტურა.

იმის მიუხედავად, რომ ინოვაციური სამეწარმეო სტრუქტურებისათვის დაწესებულია შეღავათები ვენჩურული ფონდების, ტექნოპარკების და ბიზნესინკუბატორების ფუნქციონირების ჩარჩოებში, მათი მოცულობა არ არის საკმარისი ინოვაციური საწარმოო კომპანიის სტაბილური განვითარებისათვის. ამ მიმართულებით აუცილებელია ინოვაციების შემუშავებაში უმაღლესი სასწავლებლების ჩართვა, ისინი დაეხმარებიან ეკონომიკურ სუბიექტებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს პრობლემების გადაწყვეტაში ინოვაციების შემუშავების გზით.

ამ საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ რთული ამოცანაა და მოითხოვს სისტემურ მუშაობას, რაშიც უნდა ჩაერთნენ როგორც სახელმწიფო, ასევე აკადემიური და სამრეწველო სფეროები. აუცილებელია შეიქმნას აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებს შორის დამაკავშირებელი რგოლი.

საქართველოს საწარმოებში ინოვაციების მიზერული რაოდენობის მიზეზი ფულადი სახსრების პერიოდული უკმარისობაა, რის გამოც შემოსული თანხებით ფარავენ მიმდინარე ხარჯებს და განვითარებას ვერ აფინანსებენ.

ამ მიზეზების დასაძლევად სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს თანამედროვე მსოფლიოში განვითარებული ტენდენციები, რაც ძლიერ გავლენას ახდენს ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაზე და მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

ეს ტენდენციებია: 1. ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერა; 2. ეკონომიკაში ინოვაციებზე მოთხოვნის გაზრდა; 3. ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარება; 4. გლობალურ ინოვაციურ სისტემაში ეფექტიანი ინტეგრაცია.

ამ ტენდენციებზე დაყრდნობით და ინოვაციური ეკონომიკის წარმატებით ფორმირებისათვის შემუშავებულ და რეალიზებულ უნდა იქნეს მეცნიერული და ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსი, რაც საფუძვლად დაედება სახელმწიფო ინოვაციურ პოლიტიკას, იგი უნდა მიმართული იყოს შემდეგი ამოცანების გადაწყვეტაზე:

  • · ეროვნული ინოვაციური სისტემის შექმნა, რომელსაც შეეძლება ინოვაციების მასობრივი ათვისება;
  • · მეცნიერულ-ტექნიკური და ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმის შემუშავება და რეალიზაცია;
  • · მეცნიერების ფუნდამენტური და გამოყენებითი სექტორების შენარჩუნებისა და დაბალანსებული განვითარებისათვის ღონისძიებების კომპლექსის შემუშავება;
  • · პირობების შექმნა, რც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეცნიერულ-ტექნიკური, ინოვაციური მეწარმეობის დაჩქარებულ განვითარებას;
  • · მთლიანი ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნა;
  • · მეცნიერებისა და ტექნიკის მოწინავე მიღწევების ბაზაზე ეკონომიკის მოდერნიზაციის ღონისძიებების რეალიზაცია.

ჩამოთვლილი პრობლემებისა და შემაფერხებელი ფაქტორების მიუხედავად, საქართველოში ბევრი რამ კეთდება ინოვაციების შემუშავებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნისა და მათი დანერგვისათვის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, თბილისის მახლობლად, დაბა ოქროყანაში, გაიხსნა საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი, მას ზედამხედველობას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უწევს. ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებულია მცირე ინკუბატორები, სასწავლო ცენტრები და ლაბორატორიები, საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგცენტრები და საგამოფენო ოთახები, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია. ტექნოპარკის დანიშნულებაა ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება, ახალი გამოგონებების ხელშეწყობა და ორიგინალურ იდეათა პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტს, რომლის დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკმა 2016 წლის 18 მარტს 40 მლნ დოლარი გამოყო [7].

საგულისხმოა, რომ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ 2018 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 17 სტარტაპი დააფინანსა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამამ ჯამში 1,5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. 5 ათას ლარამდე მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში 31 კომპანია, ჯამში 97 ბენეფიციარი დაფინანსდა. დაფინანსებული სტარტაპებიდან 100% აკმაყოფილებს ინოვაციურობის და მასშტაბურობის კრიტერიუმებს. ინოვაციების სააგენტოს აქტიურობა განსაკუთრებით დაიწყო 2018 წლის მეორე ნახევარში, როდესაც არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, როგორც სატრენინგო მიმართულებით, ასევე დაფინანსების მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს შეემატა თელავის ტექნოპარკი, ახმეტის და რუხის ინოვაციების ცენტრები. გარდა ამისა, გადაიდგა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საქართველოში ენჯელ ინვესტორთა გაძლიერების და წახალისების მიმართულებით.

სააგენტო დაფინანსებას გასცემს მხოლოდ უნიკალურ მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ იდეებზე. პირველ ეტაპზე მთლიანად პროგრამისთვის გამოიყო 11 მილიონი ლარი, რაც შემდეგ 35 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მაღალტექნოლოგიური პროექტების შემთხვევაში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივ საწარმოში პარტნიორად რჩება არაუმეტეს 7 წლის ვადით და რაც, ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ერევა სტარტაპის მმართველობაში [7].

თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიზნესის მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებას, რომელიც მენეჯერული სიახლეების შემუშავებითა და დანერგვის გზით ხორციელდება.

მენეჯმენტისა და ბიზნესის პრაქტიკაში მუდმივი ცვლილებების საჭიროება განპირობებულია როგორც შიდა, ისე გარე პრობლემებით. როგორც წესი, შიდა პრობლემებია:

1. ფუნქციური დისბალანსი; 2. მოძველებული მართვის სტილი და მეთოდები; 3. ქცევის არქაული სტერეოტიპები; 4. დაგეგმვისა და აღრიცხვის ხარვეზები და ა.შ.

კომპანიის შესაძლებლობა, საკუთარი რესურსების სწრაფი და ფართომასშტაბიანი მანევრირება, ბაზარზე ეფექტური პარტნიორული ურთიერთობები, მისი მაღალი კონკურენტუნარიანობის მიღწევის გადამწყვეტი ფაქტორი ხდება. ეფექტური მართვა წარმოადგენს დომინანტურ მენეჯმენტს [2].

სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიები შეიქმნა და იქმნება სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე და მუნიციპალიტეტებში; ხორციელდება მინი გრანტების პროგრამა და სხვა. მაგრამ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ინოვაციურ გზაზე გადასაყვანად, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მცირეა ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მათ შემუშავებაზე გამოყოფილი თანხები ბიუჯეტიდან.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს როგორც 2016, ასევე 2017 წელს გამოეყო 25 მლნ ლარი, ხოლო მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების პროგრამაზე 2016 წელს გამოყოფილი იყო დაახლოებით 62,7 მლნ ლარი, ხოლო 2017 წელს 62,5 მლნ ლარი [15],  რაც მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მცირე იმ მიზნის მისაღწევად, რასაც მოითხოვს ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლა. 

დასკვნა 

ამრიგად, სწრაფად ცვალებად სამყაროში ეფექტიანი მართვის აუცილებელი პირობაა საწარმოს ვალდებულება უწყვეტი ორგანიზაციული განვითარებისთვის. თუ საწარმო მუდმივად ახორციელებს სწრაფ და რადიკალურ ინოვაციებს, თუ მასში ბიზნესის კეთების მეთოდებისა და საშუალებების გაუმჯობესება რეგულარულად ხორციელდება, მაშინ ასეთ საწარმოს აქვს ყველა შანსი, დინამიურად განვითარდეს, გააძლიეროს თავისი საბაზრო პოზიცია და ეფექტიანად იმუშაოს.

ინოვაცია, უპირველეს ყოვლისა, პასუხია საგარეო გარემოს გამოწვევებზე. მუდმივი ცვლილებები კანონმდებლობაში, ბიზნესის კეთების პირობებსა და წესებში, კონკურენციის გაზრდა, ბიზნესის ორგანიზაციისა და მენეჯმენტის სფეროში ახალი ცოდნის გაჩენა, მუშაკთა და მენეჯერების საფუძვლიანი გადამზადება, მათი უწყვეტი ჩანაცვლება მოტივირებული, საქმისადმი ორიენტირებული და ნიჭიერი ახალი თაობებით, ახალი ბაზრების გაჩენა, ინჟინერიის, კომუნიკაციისა და კომუნიკაციების საშუალებების განვითარება, ტექნოლოგიის პროგრესი და ა.შ. მოითხოვს, რომ საწარმოებს ჰქონდეთ ძალიან ადაპტირებული შესაძლებლობები. საწარმოს მუდმივი ადაპტაცია გარე პირობების შეცვლაზე კი ხორციელდება მენეჯერული ინოვაციის მეშვეობით, რაც განსაზღვრავს ინოვაციური კომპონენტის მნიშვნელობას ბიზნესის მართვის სისტემაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყნის წინაშე დგას ამოცანა - გადავიდეს ეკონომიკური განვითარების ახალ ეტაპზე - ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე. საჭიროა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მეცნიერების, მეწარმეობის, საზოგადოების, სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების ნაყოფიერი ურთიერთქმედებით იქნება შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპის უზრუნველყოფა და მრავალი ინოვაციური ბიზნესის ჩამოყალიბება.

საქართველოსათვის ინოვაციური ბიზნესების განვითარება - ეს შესაძლებლობაა იმპორტიორი ქვეყნიდან გახდეს მეცნიერებატევადი პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა. საწარმოო სფეროში ინოვაციების დანერგვა აამაღლებს არა მხოლოდ წარმოებული პროდუქციის ხარისხს და შეამცირებს დანახარჯებს, არამედ შეიქმნება პრინციპულად ახალი სახის პროდუქცია და მომსახურება, გაჩნდება გასაღების ახალი ბაზრები, გაიზრდება ეკონომიკური სუბიექტების კონკურენტუნარიანობა, ამაღლდება მოსახლეობის ცხოვრების დონე, რითაც საქართველო დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპული თანამეგობრობის ქვეყნებს შორის. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. რამაზ აბესაძე. ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი 2014

2. ზურაბ წერეთელი. ბიზნესი, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარების ბერკეტი და მასში არსებული პრობლემები. სახელმწიფოს ეფექტიანი მართვის პრობლემები. XXXII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (09.11.2019). თბილისი: საერთაშორისო გამომცემლობა „პროგრესი“, 2019. – გვ. 45-46

3. Севастьянова А.Е. Формирование условий для инновационного развития регионов ресурсного типа//Москва: Журнал `Регион: экономика и социология~, 2016, № 1.– С. 209-232

4. ზურაბ წერეთელი. ბიზნესის როლი ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალური და ეროვნული პრობლემები. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ინტერნეტ-კონფერენციის მასალათა კრებული (01.11.2018 – 28.12.2018). თბილისი, 2018. _ გვ. 185-191

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანება №1-1/66. 5 მარტი 2014 წელი. https://- matsne.gov.ge/ka/document/view/2269957

6. საქართველოს მთავრობა. კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ. მთავრობის დადგენილება №32

7. http://fablab.gov.ge/geo/static/51/GITA

8. https://idfi.ge/ge/georgia_in_the_global_innovation_index

9. https://www.entrepreneur.com/article/347833

10. https://www.globalinnovationindex.org/

11. https://dev.by/lenta/main/world-innovation-leaders

12. საქართველოს კანონი. ინოვაციების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. 22.06.2016. https://matsne.- gov.ge/ka/document/view/3322328

13. საქპატენტი. ოფიციალური ბიულეტენები №1-№16. http://www.sakpatenti.gov.ge/ka/ publications/?subject=OFFI[1]CIALBULLETINSOFINDUSTRIALPROPERTY  

14. მსოფლიო ბანკი. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს ინვესტირებას საქართველოს მომავალში და ინოვაციაზე და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. პტესრელიზი. ვაშინგტონი 2018 წლის 18 მარტი. http://pubdocs.worldbank.org/ en/846991458317907954/PR- Board-Approval-GENIE-March-2016-Geo.pdf

15. საქართველოს კანონი „საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ“.